მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე და ხმის მიცემა ზოგადად დადებითად შეფასდა, ხმების დათვლის პროცესი ”ნაკლებად პოზიტიურად” იქნა შეფასებული, ნათქვამია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის OSCE/ODIHR-ის მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში.
საბოლოო დასკვნაში ძირითადად მეორდება არჩევნების წინა და მისი შემდგომი პერიოდების შესახებ შუალედურ მოხსენებებში გახმოვანებული შეფასებები.
”[ხმების] დათვლის პროცესის 23% [სულ 180 საარჩევნო უბანი], სადაც IEOM-ი [საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია] ახორციელებდა დაკვირვებას, შეფასდა როგორც ’ცუდი’ ან ’ძალიან ცუდი,” – ნათქვამია მოხსენებაში. ”უბნების 17%-ში პროცედურების დაცვა შეფასდა როგორც ’ცუდი’ ან ’ძალიან ცუდი’, ხოლო 18 და 17%-ში პროცედურების ცოდნა და მათი განხორციელება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შეფასდა უარყოფითად. უმეტეს საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცესი იყო ძალიან ნელი. 21%-ში დამკვირვებლები მოწმენი გახდნენ მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომებისა. საუბნო საარჩევნო კომისიების 35%-მა არ განახორციელა ხმების დათვლის პროცესი დადგენილი წესით”.
ODIHR-ის დირექტორმა კრისტიან სტროჰალმა განაცხადა: ”ეს დასკვნა ასახავს იმ პოზიტიურ ასპექტებს, რომელიც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა, თუმცა ასევე ასახავს მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს, რომლის დროულ მოგვარებასაც მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე”.
დასკვა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ხმის მიცემის და ხმების დათვლის, ასევე შედეგების გამოცხადების პროცესთან და საჩივრების განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით.
ODIHR-მა უკვე მიიღო საქართველოს ხელისუფლების მოწვევა მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით. ODIHR არჩევნების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებს.