დეპუტატი ხელისუფლებას ევროობლიგაციების გამოშვებას არ ურჩევს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვლადიმერ პაპავამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებისგან, სანამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ფინანსური კრიზისი არ მოგვარდება.


”ეს არის ძალიან რთული და საშიში თამაში. როდესაც მსოფლიოში ჩანს ფინანსური კრიზისის ყველა სიმპტომი, როდესაც ამას ამბობს ყველა საერთაშორისო დონის ექსპერტი, დღეს ევროპის ბაზარზე შესვლა და ევროობლიგაციების გამოშვება არის ძალიან სახიფათო თამაში,” – განაცხადა პაპავამ პარლამენტის სხდომაზე 4 მარტს. ”ამის ეკონომიკური ეფექტი შეუძლებელია იყოს პოზიტიური… დღეს ჩვენ ვდგავართ სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე. ეს არის ის 500 მილიონი დოლარი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენ მომავალ თაობებს”.


ორი კვირის წინ ვლადიმერ პაპავამ უკვე მოუწოდა ხელისუფლებას თავი შეიკავოს ევროობლიგაციების გამოშვებისგან.
 
”დღეს მე ამ განცხადებას ნამდვილად არ გავაკეთებდი, რომ არა თქვენი გამოხმაურება [მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს] ჩემს განცხადებაზე, სადაც თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ამ მნიშვნელოვან თემას პარლამენტთან ერთად შეისწავლიდა მთავრობა და მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას”.


ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი კვლავ განხილვის სტადიაშია.  


”მე კვლავ ვიმეორებ, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კვლავ გრძელდება,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სხდომაზე, ”ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ სერიოზული არგუმენტები აღნიშნულთან დაკავშირებით. ბუნებრივია თქვენ, ისევე როგორც პარლამენტის თითოეულ წევრს განხილვის დროს ექნება ამ არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა. ჩემთვის საინტერესო იქნება ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრება. საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, იქნება მიღებული სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც განხილვა შედგება”.  


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათ წლამდე ვადის მქონე ევროობლიგაციები.  ამ მიზნით მთავრობამ ორი ბანკი – JP Morgan და UBS – უკვე შეარჩია.


 

Exit mobile version