აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, იტყობინებიან აფხაზური და ოსური საინფორმაციო სააგენტოები.
”მე ხმა მივეცი სამხრეთ ოსეთის მომავალს,” – განაცხადა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა ხმის მიცემის შემდეგ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება. ”ოს ხალხს შეუძლია რუსეთის მხრიდან აღიარების და თანდათან რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების იმედი იქონიოს”.
საარჩევნო უბნები 2 მარტს გაგრაში, გუდაუთასა და სოხუმში გაიხსნა, ხოლო 25 თებერვლიდან 29 თებერვლამდე თვითგამოცხადებული რეგიონების სხვა ნაწილებში. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, ”აფსნიპრესის” ცნობით, 2 მარტს სოხუმში მისცა ხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იყო, ხოლო ადგილობრივმა მერიამ ხანშიშესული ადამიანების საარჩევნო უბნებზე გადასაყვანად ტრანსპორტი გამოყო.
საქართველომ გააპროტესტა თვითგამოცხადებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 თებერვალს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზება შეაფასა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად, საქართველოს სუვერენიტეტის იგნორირებად და მოითხოვა რუსეთის მხარისაგან სათანადო ახსნა-განმარტება.