ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, 2008 წლის ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტში სამინისტროს დაფინანსების 51,2 მლნ ლარიანი ზრდა, ძირითადად, საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროცესს მოხმარდება.
საბიუჯეტო ცვლილებები მთავრობამ უკვე ოფიციალურად წარუდგინა პარლამენტს განსახილველად.
”მთავრობის გეგმაა და საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის მიმართულებაა – გაზი ყველა სოფელს. შესაბამისად ეს არის მომხმარებლების გაზიფიცირებისთვის განკუთვნილი თანხები,”- განუცხადა ჟურნალისტებს დღეს ენერგეტიკის მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაზიფიცირების პროცესი სამცხე-ჯავახეთში. მაგისტრალური გაზსადენები გაყვანილია ახალქალაქამდე და კომპანია ”სატახა”, რომელთანაც ხელშეკრულება ერთი კვირის წინ გაფორმდა, ინდივიდუალურ გაზიფიცირებას განახორციელებს ნინოწმინდასა და ახალქალაქში.
მინისტრის განცხადებით, მაგისტრალური გაზსადენების გაყვანა იგეგმება ასევე ახალციხეში, ასპინძაში და მარტვილში, ხოლო ეს პროცესი უკვე დასრულა სენაკში. ამის შემდეგ მინისტრის განცხადებით, უკვე დაიწყება მოსახლეობის ინდივიდუალური გაზიფიცირება.