პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ბანკს ინფლაციასთან ბრძოლის გამო აქებს

პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განცხადა, რომ ინფლაციამ იანვარში 10.7% შეადგინა, რაც, მისი თქმით, ”მიუღებლად მაღალი” მაჩვენებელია. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ”ტენდენცია დადებითია”, რადგანაც ამ მაჩვენებელმა ნოემბრის 11.3%-დან თანდათან იკლო.


”რა თქმა უნდა ეს მაღალი ინფლაციაა, მაგრამ შეხედეთ ტენდენციას – 11.3% [ნოემბერში]; 11% [დეკემბერში] და 10.7% [იანვარში] – და იცით რატომ [იკლებს ინფლაციის დონე]? იმიტომ რომ ისე როგორც არასდროს ეროვნული ბანკი და მთავრობა მუშაობს კოორდინირებულად,” – განაცხადა გურგენიძემ. ”დავით ამაღლობელმა [ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა] და მისმა გუნდმა გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯები და  ბოლო სამი თვის მანძილზე სამჯერ გაზარდა დეპოზიტების სერტიფიკატებზე საპროცენტო განაკვეთები. ისინი ძალიან გაბედულად, ხელაღებით ებრძვიან ინფლაციას”. 


მისი თქმით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული ინფლაციის დონის მაქსიმუმ 8%-ზე შენარჩუნება. ”მაგრამ ამ მიზნის მიღწევას დრო და პარლამენტის მიერ მთავრობის მიერ მომზადებული ეკონომიკური პაკეტის დამტკიცება სჭირდება,” – განაცხადა გურგენიძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური პაკეტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს მეტი ბერკეტები მოიპოვოს ინფლაციასთან ბრძოლის საქმეში.


ეკონომიკური პაკეტი სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს წინადადებას ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის ამაღლებას ინფლაციის რეგულირების კუთხით. პროექტის თანახმად, თუ წლიური ინფლაცია 12%-ს გადააჭარბებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება მოუწევს.   



 

Exit mobile version