ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც ქართული მხარე არსებულ დავალიანებას დაფარავს, იტყობინება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახური.
მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე 19-21თებერვალს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მივიდნენ. შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავა, ხოლო რუსულს – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსი ვლადიმირ ტასუნი ხელმძღვანელობდნენ.
რუსული მხარის თქმით, საქართველოს 3,5 მილიონი რუბლის (142 000 აშშ დოლარი) ვალი აქვს ქართული თვითმფრინავების მიერ სანავიგაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო.
რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრებს გადაადგილება 2006 წლიდან სატრანზიტოს მარშრუტებით უწევდათ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა.