პარლამენტმა ვერ მოახერხა არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო საკონსტიტუციო შესწორებებზე კენჭისყრის ჩატარება იმის გამო, რომ ოპოზიციამ არ მიიღო პარლამენტის სხდომაში მონაწილეობა და ამან, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღის ივნისისთვის გადაწევა გამოიწვიოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 19 თებერვალს.
პარლამენტმა დღეს განიხილა და კენჭი უნდა ეყარა ორი საკონსტიტუციო პროექტისათვის, რათა პირველი მოსმენით მიეღო საარჩევნო ბარიერის 7-დან 5%-მდე დაწევის, არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების, მაჟორიტარული სისტემის რეგიონალური პროპორციული სისტემით შეცვლის საკითხები. უკანასკნელი ორი საკითხი ოპოზიციის 17-პუნქტიანი მემორანდუმის ნაწილია.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო დეპუტატთა რაოდენობა – 157 დეპუტატი – არ ჰყავთ ამჟამად პარლამენტში, რადგან უმრავლესობის ზოგიერთი წევრი საქართველოში არ იმყოფება.
”ამიტომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების ყოფნა დარბაზში,”- განაცხადა დღეს ბურჯანაძემ, ”როგორც ჩანს მათ არა აქვთ დათვლილი ის ვადები, რა ვადებიც არის საჭირო არჩევნების იმ ვადაში ჩასატარებლად, რომელსაც ისინი ითხოვენ და რომელსაც პლებისციტზე საქართველოს მოსახლეობამ დაუჭირა მხარი”.
თუმცა ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელმა კონსერვატიული პარტიიდან, დეპუტატმა კახა კუკავამ გაიკვირვა პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომ მმართველ პარტია ოპოზიციის გარეშე ვერ ახერხებს საკონსტიტუციო შესწორების მიღებას. ”ამ მოწვევის პარლამენტმა 15 კონსტიტუციური შესწორება ისე განახორციელა, რომ ოპოზიციის ერთი ხმაც არ დასჭირვებია,”- აღნიშნა მან.
5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტზე ამომრჩეველთა 79.9%-მა მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვას, ნაცვლად კონსტიტუციით გათვალისწინებული შემოდგომისა. ოპოზიცია არჩევნების აპრილში გამართვას ითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის მზადაა არჩევნები 14-24 მაისის შუალედში ჩაატაროს.
”მარტის შუა რიცხვებში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება ივნისის პირველ დეკადაზე ადრე გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საკონსტიტუციო ცვლილება და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში უნდა იქნა მიღებული ორი თვით ადრე არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებს, რომ ყოველგვარი დიალოგი გაწყვეტილი აქვს ხელისუფლებასთან, იგი ესაუბრა ოპოზიციონერ დეპუტატებს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის გადადება მომავალი კვირისთვის შესთავაზა, რადგან ”დღეს კენჭისყრის ჩატარება და ჩაგდება ამ ცვლილებებისა ნიშნავდა იმას, რომ რეალურად პროცესი საკანონმდებლო თვალსაზრისით ჩიხში შევიდოდა”.
თუმცა ბურჯანაძემ იქვე დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა მომავალ კვირას იმ პირობით ჩატარდება, თუ ოპოზიცია მიიღებს მასში მონაწილეობას.
”იმედი მინდა ვიქონიო, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ნაცვლად ულტიმატუმების ენით საუბრისა და გაუგებარი განცხადებებისა მართლაც გადმოდგამენ იმ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისათვის,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
ამ განცხადებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს პარლამენტის სპიკერატმა ოპოზიციას პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
საარჩევნო ბარიერის, მაჟორიტარული სისტემისა და არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე მოიცავს: პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 4-დან 5-წლამდე გაზრდას; პრეზიდენტის მიერ მთავრობისა ან პარლამენტის დათხოვნის საკითხებს; გუბერნატორის სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრასა; და მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერისა და რამდენიმე ვიცე-პრემიერის ინსტიტუტის შემოღებას, რომელთა უფლებამოსილებასაც მოქმედი მინისტრები შეითავსებენ.
თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კენჭი ეყრებოდა მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმების საგანია.
იმავდროულად, დღეს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დააყენეს ინიციატივა არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება რეგიონალური პროპორციული სიების შემოღების პრინციპს.
”ეს ის თემაა, რომელსაც არსებობის უფლება აქვს და ბუნებრივია, ჩვენ არცერთი საკითხის განხილვაზე უარს არ ვამბობთ,”- განაცხადა ბურჯანაძემ მაჟორიტარი კოლეგების პასუხად.
მოქმედი სისტემით 75 რაიონს საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. თუმცა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციური ნორმა, რომელიც მაჟორიტართა რაოდენობას 50 დეპუტატამდე ამცირებს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული წინასწარი შეთანხმებით, მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს რეგიონული სიებით და მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდეს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.