დეპუტატმა ვლადიმერ პაპავამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა აშშ-ს ხელისუფლებას ურჩიოს საქართველოს მთავრობას, რათა შეჩერდეს რკინიგზის პრივატიზაციის პროცესი.
”რკინიგზის რეორგანიზაცია-პრივატიზაციის საკითხი იქნეს დღის წესრიგიდან მოხსნილი. ეს მხოლოდ ჩვენ მეგობრებს, ამერიკელებს ხელეწიფება და მე ამ თხოვნით მივმართავ მათ,”- განაცხადა პაპავამ.
მან ეჭვი გამოთქვა, რომ რკინიგზის ხელში ჩაგდებით სერიოზულად არის დაინტერესებული რუსეთი, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხეს უქმნის.
საქართველოს მთავრობამ რკინიგზის პრივატიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა. 25 იანვარს კი გამოვლინდა ხუთი პრეტენდენტი კომპანია. თუმცა ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ კომპანიების მიერ წინადადებების წარდგენა არ ნიშნავს, რომ პროცესი რკინიგზის გაყიდვით, მართვის უფლებით გადაცემით ან გასხვისების სხვა ფორმით დასრულდება.