ოთხმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 5 თებერვალს ათი წინაპირობა დააყენა, რამაც მათი აზრით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შემდეგ წინაპირობებს მიიჩნევენ საჭიროდ:
1. საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა: სამუშაო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და საბოლოო ცვლილებების კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე განხორციელება, რათა მოხდეს მათ შესახებ კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების და ამომრჩევლების დროული ინფორმირება. კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება უნდა გამახვილდეს:
• წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსებიის გამოყენების გამორიცხვის უზრუნველყოფასა და
• საარჩევნო საჩივრების წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ორაზროვანი საარჩევნო ნორმების დახვეწაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჩივრების არსებითი განხილვა და მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა;
2. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის კანონიერი, მიუკერძოებელი და პროფესიონალური საქმიანობის უზრუნველყოფა და მათი გამჭვირვალობის გაზრდა, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო კომისიების მიმართ;
3. ამომრჩეველთა სიების სრულყოფაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება;
4. არჩევნების თარიღის დროულად გამოცხადება, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას სათანადოდ მომზადების საშუალება მიეცეს;
5. წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა. კამპანიაში თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოხელეების მონაწილეობაზე არაორაზროვანი შეზღუდვების დაწესება. ამომრჩევლებზე, კომისიის წევრებზე, საარჩევნო სუბიექტებზე, ჟურნალისტებზე და დამკვირვებლებზე ზეწოლის, ან სხვა სახის არამართლზომიერი გავლენისგან თავისუფალი გარემოს გარანტირება. მედია საშუალებების თავისუფლების გარანტირება და მათ მიერ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიების არადისკრიმინაციულად გაშუქების უზრუნველყოფა;
6. წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა: ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო კამპანიების ფონდების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადების გადახედვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილების და ეფექტურობის გაზრდა;
7. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებელთა (წარმომადგენელთა) რეგისტრაციის წესის გამარტივება. მათი უფლებრივი გათანაბრება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებთან;
8. კენჭისყრის დღის (ხმის მიცემისა და ხმების დათვლის) პროცედურების გამარტივება და დახვეწა;
9. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საჩივრების საფუძვლიანი განხილვის უზრუნველყოფა: ამ კუთხით საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა (ორაზროვანი ნორმების გასწორება). საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოების მიერ საარჩევნო საჩივრების არსებითად და მიუკერძოებლად განხილვის უზრუნველყოფა და ამ პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა;
10. ამომრჩევლებისთვის დროული და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო სიებზე, წინასაარჩევნო და კენჭისყრის დღის პროცედურებზე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ოთხმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა უწყებათაშორისო სამთავრობო ჯგუფს, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა, გააგრძელოს საარჩევნო საკითხებზე მუშაობა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით, ”ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჟურნალისტები”.