პრეზიდენტი კერძო საკუთრების დასაცავად ახალ კომისიას ქმნის

პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდის ინიციატივით სახალხო დამცველის ხელმძღვანელობის შეიქმნას კომისია, რომლის დასკვნაც სავალდებულო იქნება მომავალში კერძო საკუთრების ჩამორთმევის ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.


”ეს რას ნიშნავს: თუ სადღაც პროკურატურამ, რომელიმე სახელმწიფო ორგანომ კანონიდან გამომდინარე აუცილებლობით გადაწყვიტა მომავალში, რომ რაღაცა ქონება არის ჩამოსართმევი, ან ჩასანაცვლებელი ან საკომპენსაციო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქონებრივ უფლებებს ვეხებით, იქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც სათავეში ჩავუყენებთ სახალხო დამცველს, სპეციალურ კანონს მივიღებთ ამაზე, სადაც შევიყვანთ საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მან ეს განცხადება დღეს ახლადდანიშნულ გენერალურ პროკურორთან ეკა ტყეშელაშვილთან და სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

”ეს [ქონებასთან დაკავშირებული საკითხები] არ უნდა წყდებოდეს კაბინეტებში დახურულ კარებს მიღმა თუნდაც პროკურორების ან ნებისმიერი სხვა სამინისტროების მიერ,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი ინიციატივა, სავარაუდოდ, მხოლოდ სამომავლო საქმეებს შეეხება და არა იმ  ქონებას, რომელიც უკვე ჩამოართვეს ან დაუნგრიეს კერძო მესაკუთრეებს.

ოპოზიციას და სახალხო დამცველის აპარატს არა ერთხელ გაუკრიტიკებია ხელისუფლება კერძო საკუთრების ჩამორთმევის გამო, რამაც გახშირებული ხასიათი გასული წლის დასაწყისიდან მიიღო.


”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს საქართველოში საკუთრების ხელყოფის თემა, სხვანაირად ქვეყნის შემდგომი განვითარება არის წარმოუდგენელი,”- განაცხადა სუბარმა 31 იანვარს, ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე გრძნობდეს, რომ მისი საკუთრება იქნება დაცული და იქნება ხელშეუხებელი”. 


დეკემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც სადავო ქონებაზე მიმდინარე საქმეების 95% შეწყდა, ხოლო ზაფხულში მიიღო კანონი, რომლითაც 2007 წლის 1 აპრილამდე შეძენილი ქონების ლეგალიზება მოხდა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version