კოკოითი ცხინვალში კოვალენკოს შეხვდა

დღეს ცხინვალს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო ეწვია და შეხვედრა გამართა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, კოკოითმა ელჩს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შუამავლობა სთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილთან მისი შეხვედრის ორგანიზების საქმეში.


კოკოითი პრეზიდენტ სააკაშვილთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით 23 იანვარს გამოვიდა.


”თუ ეს შეხვედრა შედგება, მაშინ ის გახდება მნიშვნელოვანი პირობა მხარეებს შორის ნდობის ამაღლებისთვის,”- იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოვალენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.


კოკოითის განცხადებით, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.


იმავდროულად, დღეს შერეული საკონტროლო კომისიის ოსური მხარის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა, აფხაზური მხარის მსგავსად, გააპროტესტა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელის გადარქმევა და განაცხადა, რომ ოსური მხარე არ ითანამშრომლებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან.


”არსებული შეთანხმებების ფარგლებში ჩვენ მხოლოდ შსკ-ს ქართულ მხარესთან ვითანამშრომლებთ,”- აღნიშნა ჩოჩიევმა.

Exit mobile version