ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნების შესახებ მემორანდუმს ამზადებს

ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიცია მომავალ კვირას საკუთარი მოთხოვნების შესახებ პარლამენტს მემორანდუმს წარუდგენს, რითიც მზადყოფნას გამოხატავს მოლაპარაკების დაწყებისთვის, ”თუ ამის სურვილი ხელისუფლებას ექნება”.


კონსერვატორული პარტიიდან ოპოზიციური კოალიციის წევრის კახა კუკავას განცხადებით, მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება. კერძოდ, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ხმების ხელახლა გადათვლა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, საარჩევნო ადმინისტრაციების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზირება და სამეურვეო საბჭოს არაპოლიტიკური ნიშნით, პროფესიონალებით დაკომპლექტება.


”ჩვენ ავიღეთ პაუზა საპროტესტო აქციების. ამ მოთხოვნებით მივმართავთ პარლამენტს და გვსურს დიალოგის დაწყება. ჩვენ ამით ხელისუფლებას ვთავაზობთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევას”, – განუცხადა Civil.Ge-ს კახა კუკავამ. ”თუმცა  თუ ამის [დიალოგის] სურვილი არ იქნება, ჩვენ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში რუსთაველის გამზირზე დავძლევთ [საპროტესტო აქციებით]”.


უმრავლესობის წევრის, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ”თუ მემორანდუმში აისახება ”ვთქვათ უპირობო მოთხოვნები და ულტიმატუმები ბუნებრივია, რომ ამ მემორანდუმს რაიმე შედეგი არ მოჰყვება. ხოლო თუ არის რაიმე კონკრეტული წინადადებები და შემოთავაზებები, რომ ამ საკითხებზე იყოს მსჯელობა, ამისთვის ყველა კარი ღიაა. შესაბამისად ეს საკითხები იქნება მსჯელობის საგანი,” – განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა.


კახა კუკავას თქმით, აღნიშნული მემორანდუმი ოპოზიციური კოალიციის ინიციატივით მომზადდა და მოლაპარაკება სხვა ოპოზიციურ ძალებთან არ მიმდინარეობდა. თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მათ სხვა პარტიებიც შეუერთდნენ, მათ შორის ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები.


”ის მოთხოვნები, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის არალეგიტიმური მთავრობის კანონიერი გზებით შეცვლას, ეს არის საერთო არა მხოლოდ ლეიბორისტებისთვის, ახლებისთვის და გაერთიანებული ოპოზიციისთვის, არამედ მთელი ქართველი ხალხისთვის,” – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუკავამ.
 
ახალი მემარჯვენეების ლიდერის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის დავით გამყრელიძის განცხადებით, ეს უნდა იყოს ერთობლივი დოკუმენტი. ”ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება შევიმუშაოთ,” – განაცხადა გამყრელიძემ .


ერთობლივი მემორანდუმის შექმნას თანხმდებიან ასევე მრეწველებიც. საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ”არსეობობს გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, საბოლოო ვარინატი კი ორშაბათს ჩამოყალიბდება” და წარედგინება პარლამენტს.

Exit mobile version