ხუთმა კომპანიამ გამოხატა ინტერესი შპს ”საქართველოს რკინიგზის” შესყიდვაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მას შემდეგ, რაც 25 იანვარს საპრივატიზაციო განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა.
კომპანიებს შორის არიან:
• Stratton Holdings, აშშ-ში განთავსებული ინვესტიციების მართვის ფირმა;
• Center Invest Capital Partners – ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით რუსული კომპანიაა, სხვა ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ არ არსებობს;
• Capital Investment Group AG – ეკონომიკის სამინისტროს ცნობით შვეიცარული კომპანიაა; სხვა ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ არ არსებობს;
• East Capital – ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს ამერიკული კომპანიაა; თუმცა, ინტერნეტში მოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს იგივე სახელწოდების კომპანია, რომელიც სტოკჰოლმშია განთავსებული და აქტივების მართვითაა დაკავებული აღმოსავლეთ ევროპის ბარზებზე ფოკუსირებით;
• Silk Road Group – ქართული ჰოლდინგი განსხვავებული ბიზნეს ინტერესებით ტრანსპორტირების, უძრავი ქონების, ფინანსური მომსახურების სფეროებში; ჰოლდინგი 3,000 სარკინიგზო ვაგონის პარკს მართავს.
კომპანიების მიერ წინადადებების წარდგენა, რომელთა დეტალებიც კონფიდენციალურია, არ ნიშნავს, რომ პროცესი აუცილებლად რკინიგზის გაყიდვით დასრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული მოხდება სარკინიგზო ქსელის პრივატიზება, თუ მართვის უფლებით გადაცემა. ოფიციალური ინფორმაციით, ასევე განიხილება ”საქართველოს რკინიგზის” აქციების გამოშვების საკითხი.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინტერესის გამოხატვა არ ავალდებულებს ქართულ მხარეს გაყიდოს თავისი მთლიანი წილი რკინიგზაში. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ის იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს უარი თქვას, შეწყვიტოს ან შეცვალოს გაყიდვის პროცედურა, ან რომელიმე დაინტერესებული მხარე არ დაუშვას შესყიდვის პროცედურაზე.