ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 იანვარს სტრასბურგში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს მას შემდეგ, რაც ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვა სიტყვით.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ასამბლეა ”სინანულს გამოთქვამს” იმის გამო, რომ საქართველოს ბოლოდროინდელმა კრიზისმა გადაფარა ის ”უამრავი პოზიტიური ნაბიჯი”, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს ვალდებულებების შესასრულებლად გადადგა.
ბოლოდროინდელ კრიზისთან მიმართებაში რეზოლუციის პროექტში ნათქვამია: ”ასამბლეა სინანულს გამოთქვამს იმ მოვლენების გამო, რომელიც წინ უძღოდა ვადამდელ არჩევნებს – კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის გამო, რასაც მოყვა ორი ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიის დროებითი დახურვა და საბოლოოდ, გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე”.
”ამ ქმედებებმა შელახა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია როგორც მისი მოსახლეობის თვალში, ისე საზღვარგარეთ,” – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში; თუმცა, პროექტი იქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით პლებისციტის დანიშვნის თაობაზე ”შეაჩერა დაძაბულობის ესკალაცია და ეს მხოლოდ მისასალმებელია”.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში ”აღიარონ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები”. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამიტომ სააკაშვილს ”არალეგიტიმურ” და ”დე ფაქტო” პრეზიდენტს უწოდებენ.
რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ”ნებისმიერი პრეტენზია ფალსიფიკაციის ან არჩევნების გაყალბების შესახებ უნდა მოგვარდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალიწინებულ სამართლებრივ ჩარჩოებში და არა ქუჩის აქციების გზით”.
”ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა საჩივარი და დასაჯოს ისინი, ვინც შესაძლოა დაარღვია კანონი,” – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ”აქტიურად გამოიძიოს დაშინების, დევნის და საარჩევნო კანონის დარღვევის ყველა ფაქტი და სასამართლო პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია”.
ის ასევე მიესალმება ”აქტიური და ერთიანი ოპოზიციის” გამოჩენას. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ”იმისათვის, რომ გრძელვადიანი მხარდაჭერა მოიპოვოს ქვედა დონეებზე, განსაკუთრებით მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საკითხზე ორიენტირებული და სანდო ალტერნატივების შეთავაზება მოსახლეობისთვის და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს ხელისუფლებასთან”.