საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, სავარაუდოდ, მაისის თვეში ჩატარდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა გარკვეული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რაც პარლამენტში დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს.
”წინასწარი ინფორმაციით, როგორც მე ვხვდები, ჩვენ საარჩევნო კამპანიას ალბათ დავიწყებთ მარტის ბოლოს ან აპრილში; მაისში როგორც ჩანს არჩევნები ჩატარდება”, – განაცხადა მჭავარიანმა. ”ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ამის გამო თებერვალში ვიმუშავებთ საკმაოდ დაჩქარებული საგანგებო რეჟიმით”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
5 იანვრის პლებისციტზე 79%-მა დაუჭირა მხარი საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, ნაცვლად შემოდგომისა. კონსტიტუციაში სწორედ ის პუნქტია შესაცვლელი, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ერთდროულად, 2008 წლის შემოდგომაზე ითვალისწინებს.