ოპოზიციური კოალიციის განცხადება – სრული ტექსტი

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის განცხადება


ჩვენ, საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო ვაცხადებთ, რომ:


საქართველოს მოსახლეობის ნების თანახმად,  ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებული შედეგების გაუქმებისა და ხმების გადათვლისათვის.


არ ვცნობთ არჩევნებისა და გამარჯვებულად გამოცხადებული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. უარს ვამბობთ მასთან თანამშრომლობაზე და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ყოველგვარ  სამთავრობო თანამდებობებზე.


ვაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პომპეზურ სამხედრო ინაუგურაციას, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისგან აღქმული იქნება როგორც პროვოკაცია და არანაირად არ შეუწყობს ხელს სამოქალაქო თანხმობას; ჩვენი მხრიდან პროტესტის ნიშნად ვიწვევთ მოსახლეობას ფართომასშტაბიან მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე იპოდრომის მოედანზე, კვირას 2 საათზე.


ამავდროულად, საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, როგორც ლეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოს, შემდეგი კატეგორიული მოთხოვნებით:


შეწყდეს ყველა ფორმის პოლიტიკური დევნა, მათ შორის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავებულნი ან დასჯილნი იყვნენ ბოლო თვეების მოვლენებთან დაკავშირებით; გათავისუფლდნენ წინა წლებში პოლიტიკური აქტივობის გამო დასჯილი პირები; შეწყდეს უკანონო მოსმენების და დაშინების პრაქტიკა; შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე ეფექტური მონიტორინგის სისტემა;


ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის სრული პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია და ცესკო-ს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით;


საზოგადოებრივი მაუწყებლობა დაუბრუნდეს ხალხს, სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით, გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით, უზრუნველყოფილი იყოს საინფორმაციო და ანალიტიკურ პროგრამებში საეთერო დროის თანაბარი განაწილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის;


ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაჩენა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამოქალაქო თანხმობის აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ამ პირობების შესრულებითა და სხვა აუცილებელი ცვლილებებით სასამართლოს დამოუკიდებლობის, პარლამენტის როლის გაძლიერებისა და ბიზნესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

Exit mobile version