თბილისის მერიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური კოალიციის გაფრთხილება 19-21 იანვარს თბილისში მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე, რის მიზეზადაც 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასახელდა.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს პარლამენტის შენობის წინ იგეგმება. ოპოზიცია სწორედ რუსთაველის გამზირის გავლით ითხოვდა ნებართვას მანიფესტაციაზე.
”ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვერ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, ვინაიდან, თქვენ მიერ დაგეგმილი მანიფესტაცია შეაფერხებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას”, – ნათქვამია ოპოზიციისადმი მერიის ოფიციალურ პასუხში.
აქვე მერია აფრთხილებს, რომ მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევ პირებს ეკისრებათ ჯარიმა ან რამდენიმე დღიან პატიმრობა.