საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვას აზრი არ ექნება, თუკი ტელევიზია, ცესკო და სასამართლო არ იქნება ობიექტური, განაცხადა ოპოზიციური კოალიციიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა და დასძინა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში ამ მოთხოვნების აქტუალიზაცია ხდება.
”საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით უკვე წარმატება არსებობს, რა თქმა უნდა ცესკო-სთან დაკავშირებითაც იქნება იგივე ტიპის მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან და სასამართლოს მიმართულებითაც – ეს არის ძირითადი, რომელიც მეორე ტურისთვის გვჭირდება,”- განაცხადა ძიძიგურმა, ”მეორე ტურზე წასვლას აზრი არ ექნება თუკი ტელევიზია, ცესკო და სასამართლო არ იქნა ობიექტური, ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით მიდის პირველად ამ მოთხოვნების აქტუალიზაცია”.
ძიძიგურის განცხადებით, ცესკო უნდა დაკომპლექტდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარი მონაწილეობით, ხოლო სასამართლოს მაკონტროლებელ ორგანოში – იუსტიციის საბჭოში – უნდა განხორციელდეს ცვლილებები.
სხვა დეტალები ხელისუფლებასთან მიმდინარე კონსულტაციების თაობაზე უცნობია. 15 იანვარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებმა ნინო ბურჯანაძემ მაშინ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება გამოაცხადა, როგორც ოპოზიციასთან შეთანხმების შედეგი, აღნიშნა, რომ კიდევ 7 საკითხზე გრძელდება კონსულტაციები. თუმცა მან, ისევე როგორც ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს ამ საკითხების დაკონკრეტებისაგან.
თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციას ახალ მთავრობაში თანამდებობებს, მათ შორის ვიცე-პრემიერების პოსტებს სთავაზობენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მსგავს შეთავაზებას არ დათანხმდება.
”გაერთიანებული ოპოზიცია ამ საკითხში არის ძალიან მკაფიო, თანმიმდევრული – ჩვენ არანაირ მთავრობაში და არანაირ სახელისუფლებო სტრუქტურებში პოსტების დაკავებას არ ვაპირებთ,”- განუცხადა 16 იანვარს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ”რუსთავი 2”-ს,
”რას ნიშნავს ვიცე-პრემიერების პოსტები? ე.ი ესენი ყველაფერზე თანახმა არიან ოღონდ მიიღონ თავიანთი გაყალბებული არჩევნების ”გაპრავება”.
დავით უსუფაშვილმა 15 იანვარს Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ ის მონაწილეობს მოლაპარაკებებში, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იმართება. არსებული ინფორმაციით, დღემდე სულ ასეთი ორი შეხვედრა გაიმართა.
იმავდროულად, ოპოზიცია უარყოფს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდა და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.
”ეს არ არის კლასიკური მოლაპარაკებები, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისებზე წასვლას,”- განუცხადა Civil.ge-ს ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.