სასამართლომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სარჩელი 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ოპოზიციური კოალიცია, ლეიბორისტები, პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატრაკაციშვილის საარჩევნო შტაბი და პედაგოგთა და მეცნიერთა გაერთიანებული პროფკავშირები ითხოვდნენ. ამ მოსარჩელეებმა სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელებით მიმართეს, თუმცა სასამართლომ ისინი გააერთიანა და ერთ საქმედ განიხილა.


თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნა.


საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ორი დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 


13 იანვარს ცესკო-მ შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების პირველივე ტურში 53.47%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ხმათა 25.69%-ით გავიდა ლევან გაჩეჩილაძე. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა და მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვს.

Exit mobile version