გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა იმუშავოს ყველა მხარესთან საქართველოში, რათა მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წარმოიშვა, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ბუშმა დაურეკა მიხეილ სააკაშვილს და მას ხელახლა არჩევა მიულოცა. ”ჩვენ ასევე ვულოცავთ ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც ყველაზე კონკურენტული იყო საქართველოს ისტორიაში და რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თავისი არსით შეესაბამებოდა ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებებს და სტანდარტებს დემოკრატიურ არჩევნების ჩატარების თაობაზე, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა,” – ნათქვამია განცხადებაში.
”სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით იმ პრობლემებს, რომლებიც წამოიჭრა; ასევე ზედმიწევნით განვიხილეთ ჩვენი სადამკვირვებლო მისიის დასკვნები და შევხვდვით კოლეგებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან, ასევე ოპოზიციის წევრებს. ჩვენი დასკვნა შეესაბამება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებს,” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უპასუხა იმ კონკრეტულ წუხილებს, რომლებიც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ დააყენა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მცდელობებს შეაჯამოს ყველა მიღებული საჩივარი, მათ შორის იმ დამატებით მოხსენებაში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამჭირვალედ და სწრაფად უპასუხოს ყველა გამოთქმულ პრეტენზიას”.