ოპოზიციური კოალიცია მიესალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმებს

ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ რეორგანიზაციას ”პირველი სერიოზული წარმატება” უწოდეს და პირობა დადეს, რომ კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენენ ხელისუფლებაზე, რათა მეტ დათმობებზე წავიდეს.


15 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციაზე გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს განუცხადეს, რომ მათ არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ბრძოლა ამ კომპრომისით დასრულდება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 15 იანვარს განაცხადა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ”შეთანხმებისა და გარკვეული პარიტეტის” საფუძველზე დაკომპლექტდება.    


”გილოცავთ ამ გამარჯვებას. საზოგადოებრივი არხი საზოგადოებას დაუბრუნდა,” – განაცხადა ოპოზიციური კოალიცის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე, ”ამას მეტყველებს ის, რომ დღეს 10 საათზე მე პირდაპირ ეთერში ვარ მიწვეული საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.


”ხელისუფლება მართალია ნაბიჯ-ნაბიჯ თმობს, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით აქამდე. ხელისუფლებამ დათმო დღეს პირველი არხი, რომელიც მას არ ეკუთვნის. ამიტომ ნურავის ნუ აქვს განცდა, რომ ჩვენ მივდივართ დათმობაზე, ჩვენ არ მივდივართ დათმობაზე… ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება ძირითად მოთხოვნად – ეს იქნება მეორე ტური,” – განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ.


”პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც გადავადგმევინეთ თვითმარქვია სააკაშვილს, გახლავთ აი ამ თქვენი ტელევიზიის დათმობა,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”მე მოგილოცავთ თქვენ, თქვენი მშვიდობიანი ბრძოლით აღწევთ ამ პირველ წარამტებას, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას”.


”ჩვენ  ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც სახელად ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, ცრუ, თვითმარქვია პრეზიდენტი,” – განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.


“დღეს ქართველი ერი იბრუნებს უკან თავისუფალ სიტყვას,” – განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, ”წინ ძალიან ბევრი ბრძოლები გველის. აუცილებელია ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, აუცილებელია ასევე სასამართლო სისტემის შეცვლა, მხოლოდ ეს არის გარანტია სამართლიანი არჩევნების და სამართლიანი მეორე ტურისა”.


აქციაზე ასევე მივიდა ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი წამყვანი გიორგი თარგამაძე.


”ეს არის პირველი კონკრეტული მონაპოვარი, რომელიც ამ ხალხის ერთობამ მოიტანა, ეს არის პირველი ხელშესახები გამარჯვება, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამ ქვეყანას მოუტანა,” – განაცხადა თარგამაძემ აქციაზე.



 

Exit mobile version