კინწურაშვილი ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევამდე თანამდებობაზე რჩება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თამარ კინწურაშვილი მიესალმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ კონსენსუსს არხის რეორგანიზაციის თაობაზე და განაცხადა, რომ ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებამდე ის თანამდებობაზე დარჩება.


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვისა და გარკვეული პარიტეტის საფუძველზე ახალი 9-კაციანი შემადგენლობის არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა, როგორც ოპოზიციასთან მიღწეული პირველი შეთანხმება.


”ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ, მე მივიღებ გადაწყვეტილებას მივიღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში, რომლის წესითაც შეირჩევა ახალი დირექტორი. თუ ეს იქნება პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული საბჭო, მე ნამდვილად არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან მთავარი სტანდარტი არის ის, რომ საზოგადოებრივი არხი უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერი ხელისუფლების შტოსგან, ისე ოპოზიციისგანაც,”- განუცხადა თამარ კინწურაშვილმა დღეს ჟურნალისტებს.


მან ასევე განაცხადა, რომ ვერ გაიზიარებს ოპოზიციის შენიშვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სათანადოდ არ აშუქებს ოპოზიციის აქტივობებს. ოპოზიციამ პირდაპირი ეთერის მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ.


”ნამდვილად ვერ გავიზიარებ ოპოზიციის შენიშვნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ,”- განაცხადა კინწურაშვილმა, ”მთავარი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ არის ის, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ოპოზიციაზე დამოკიდებულებას”. 


ასევე მან დეზინფორმაცია უწოდა განცხადებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვირას არ აშუქებდა ოპოზიციის მიტინგს.


”ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა იყო მიტინგი, რომელიც შუქდებოდა ობიექტურად და მიუკერძოებლად. ჩვენ თოქ-შოუ ”არგუმენტი”, რომელიც საათი და ოცი წუთი გრძელდებოდა, მთლიანად  დავუთმეთ ამ თემას,”- განაცხადა კინწურაშვილმა.


მან ასევე ისაუბრა ჟურნალისტების სამუშაო ადგილების გარანტიებზე. ”ვერცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ გადაწყვეტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამუშაოზე ყოფნა-არ ყოფნის საკითხს. გარანტია არის ხელშეკრულება, რომელიც მენეჯმენტსა და ჟურნალისტებს შორის არის დადებული,”- აღნიშნა მან.

Exit mobile version