თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველი დატოვა დამკვირვებელი ორგანიზაციის ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” სარჩელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით დამატებითი სიების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა.
სარჩელის არ განხილვის მიზეზად სასამართლო იმ ”ხარვეზს” ასახელებს, რომელიც მოსარჩელეს უნდა გამოესწორებინა.
”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” აცხადებს, რომ დამატებითი სიების 35 772 ხმის დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარღვევებით წარიმართა. დამატებითი სიებით, მიხეილ სააკაშვილმა 20 403 ხმა, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ 8 500 ხმა მიიღო. თუმცა ამ ოქმს ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, რომელიც კრწანისის ოლქის შედეგები მთლიანად გაბათილებას მოითხოვდა.
”ვინაიდან სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი, სასამართლომ სარჩელი არ განიხილა,”- ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის მიერ 14 იანვარს გავრცელებულ რელიზში.
კრწანისი, სამგორის მსგავსად, გამონაკლისი ოლქია თბილისში, სადაც სააკაშვილმა მთავარი კონკურენტი ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძე დაამარცხა.