კუკავა: არ მივცემთ სააკაშვილს უფლებას ქვეყანა მართოს

ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ გაზეთ ”კვირის პალიტრას” განუცხადა, რომ ოპოზიცია გამოიყენებს ქუჩის აქციებს, რათა ძირი გამოუთხაროს სააკაშვილის ლეგიტიმურობას და არ მისცეს მას საშუალება ქვეყანა მართოს.  


”სასამართლოზე არც ვამყარებთ იმედს. ეს ფორმალური პროცედურაა, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ,” – განაცხადა კუკავამ, ”ჩვენ საპროტესტო აქციების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადებს თუ არა თავს პრეზიდენტად, მაინც ვეღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება მხოლოდ მარნეულის პრეზიდენტი, არალეგიტიმური წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება ხანდახან ჩამოვიდეს თბილისში. მას ჩვენ საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას გამოვუცხადებთ”. 


მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრაზე საუბრისას კუკავამ განაცხადა, რომ ”ამ შეხვედრაზე ლაპარაკი იყო დაპირისპირებისა და ესკალაციის შეჩერებაზე. თუმც შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან სააკაშვილი მზად არის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, გარდა იმისა, რომ დათმოს სავარძელი… მაშინ, როდესაც სააკაშვილი არ თმობს სკამს, მისგან რაიმე წინადადების მიღებასა და, საერთოდ, ამ თემის განხილვაზეც ზედმეტია ლაპარაკი”.


კუკავამ ასევე ისაუბრა სააკაშვილის მიერ ოპოზიციის მთავრობაში მიწვევაზე. ”სააკაშვილი აპირებს, რამდენიმე იდიოტი მიიწვიოს მთავრობაში უმნიშვნელო პოსტებზე,” – განაცხადა კუკავამ, ”არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს ახალი მთავრობის დანიშვნის საშუალება მიეცემა. ჩვენ საპროტესტო აქციებს ვიწყებთ და სააკაშვილი რომელიმე რეგიონში თუ ჩამოაყალიბებს ადგილობრივ მთავრობას, არ ვიცი. არ მივცემთ საშუალებას, ხელისუფლება მართოს და მინისტრები დანიშნოს”.


კუკავამ ასევე კომენტარი გააკეთა ზოგიერთი ქვეყნის და ორგანიზაციის მიერ არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და განაცხადა, რომ ”ეს არაფერს ნიშნავს. ”სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა დამყოლი და პოლიტიკური კონიუნქტურისკენ მიდრეკილია. დღეს შეიძლება სააკაშვილს გამარჯვება მიულოცონ, ხვალ კი მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვონ,”- აღნიშნა მან. 

Exit mobile version