შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების მსუბუქ დარღვევებზე გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობას ამცირებს.
”ეს არის ჩვენის მხრივ მადლიერების გამოხატულება, რომ მძღოლებმა სამინისტროსთან ერთად შექმნან კანონის მიმართ ახალი და ძალიან სწორი დამოკიდებულება”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის გამო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ჯარიმა შემცირდება 170 ლარიდან 70 ლარამდე; მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობაზე – 20-დან 10 ლარამდე; სატრანსპორტო საშუალების სამართავად მართვის უფლების არ მქონე პირისთვის გადაცემაზე – 200-დან 50 ლარამდე; სამართალდარღვევაზე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 300-დან 100 ლარამდე; მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებაზე – 100-დან 30 ლარამდე; საავარიო ვითარების შექმნაზე ან მოძრაობის შეფერხებაზე – 200-დან 60 ლარამდე; აკრძალულ ადგილზე ავტომობილის გაჩერებაზე – 40-დან 10 ლარამდე; ავტოსატრანსპორტო საშუალებით განსაზღვრულზე მეტი ტვირთვის გადაზიდვაზე – 1000-დან 500 ლარამდე თითოეულ ტონა ზედმეტ ტვირთზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.