დიტერ ბოდენის განცხადებას გაურკვევლობა მოყვა

ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიტერ ბოდენის მიერ გერმანული გაზეთთან გაკეთებულმა განცხადებებმა გაურკვევლობა გამოიწვია. მისიის წარმომადგენელმა მედიასთან ურთიერთობების საკითხებში რასტო კუზელმა განაცხადა, რომ გერმანელი დიპლომატის ”შეხედულება სრულად არ იქნა ასახული” სტატიაში.


გერმანული გაზეთი Frankfurter Rundschau-ი იტყობინება დიტერ ბოდენის სიტყვებზე დაყრდნობით: ”ხმების დათვლის დროს ადგილი ჰქონდა უხეშ, დაუდევარ და განზრახ ფალსიფიკაციას”.


თუმცა, რასტო კუზელმა 10 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა: ”ბატონი ბოდენის შეხედულება სრულად არ იყო ასახული სტატიაში. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვიცავთ ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას წინასწარი დასკვნების თაობაზე, რომელიც 6 იანვარს გაკეთდა… მომავალ კვირას გამოვაქვეყნებთ შეულედურ მოხსენებას არჩევნებზე”.


8 იანვარს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას დიტერ ბოდენმა განაცხადა: ”ჩვენ ვიცით, რომ ხმების დათვლის პროცესი და შედეგების შეჯამება არასრულყოფილი იყო. ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ და რამდენიმე დოკუმენტიც ვიხილეთ, რომელიც ამაზე მიანიშნებს. ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხებს. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ აქამდე, ვფიქრობ, არ გვაიძულებს ჩვენ გადავხედოთ ჩვენ სიტყვებს, რომელიც კვირას გაკეთებულ განცხადებაში გავახმოვანეთ. არ მიგვაჩნია, რომ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი”.


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული მოხსენება მოიცავს შეფასებებს წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის შესახებ. არჩევნებზე მომდევნო შუალედური მოხსენება სავარაუდოდ ხმების შეჯამებაზე გაამახვილებს ყურადღებას. სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით აქვს ოპოზიციას პრეტენზიები და ხელისუფლებას შედეგების მანიპულირებაში სდებს ბრალს. 

Exit mobile version