ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არა უცხოელი დამკვირვებლების, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და თუ დაიწყება საპროტესტო აქციები, პარტია მიიღებს მასში მონაწილეობას.
”ცესკო ხვალ საღამომდე ან რეალური ოქმების მიხედვით აკეთებს კორექტივებს თავის მონაცემებში ან არადა ახსოვდეს ყველას – ხელისუფლებას, რომ ეს არ არის [ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი] იორშის გადასაწყვეტი, უცხოეთის ორგანიზაციების გადასაწყვეტი, შედეგები უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ, ”ამდენად თუკი დაიწყება ქართველი ხალხის საპროტესტო პროცესი, ლეიბორისტული პარტია.. ვდგებით ქართველ ხალხთან ერთად”.
შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 6% დააგროვა და ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზეა.