სრულიად გასაგებია პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა კენჭისყრის ოფიციალური წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 6 იანვარს.
საქართველოში ჩატარებული არჩევნებისადმი მიძღვნილ განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ”საარჩევნო კანონმდებლობის მრავალჯერად დარღვევებზე” საუბრობს.
”ეს არ ყოფილა მოულოდნელობა, თუ გავითვალისწინებთ წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათს, რომელსაც ძნელად თუ უწოდებ ”თავისუფალს და სამართლიანს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”საპრეზიდენტო მარათონი გამოირჩეოდა ”ადმინისტრციული რესურსების” ფართოდ გამოყენებით, ოპოზიციურ კანდიდატებზე დაუფარავი წნეხით, მათი ფინანსურ და მედია საშუალებებთან დაშვების მკაცრი შეზღუდვით”.
მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ”ზედაპირულია” ამერიკელი კონგრესმენის ალსი ჰასტინგსის, საქართველოში ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორის, მიერ დასავლელი დამკვირვებელების სახელით გახმოვანებული შეფასებები ”საქართველოს დემოკრატიის ტრიუმფზე”.
”ამ კონტექსტში ყურადღებას იქცევს ცნობები ოპოზიციის გეგმებზე საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს: ”ვაგრძელებთ ყურადღებით თვალყურის დევნებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების”.