გაჩეჩილაძის მომხრეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

თუ არ აღიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომ არჩევნები გაყალბდა და არ დაინიშნავს მეორე ტურს, 8 იანვრიდან ოპოზიციური კოალიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.


ამ გადაწყვეტილებით დაიშალა დღეს რიყეზე გამართული მიტინგი, რომელშიც რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქციაზე ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა ლევან გაჩეჩილაძე არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადეს.


”საქართველოსთვის ოფიციალურად დასრულდა სააკაშვილის ხელისუფლება –  გუშინ დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი. ყველაზე დიდი დამარცხება მან იწვნია თბილისში,”- განუცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ მომიტინგეებს, ”არცერთი ნაბიჯი უკან… შემდგომი ჩვენი მოქმედება გადავა ნაწილი სასამართლოში, ნაწილი ყოველდღიურ შეხვედრებში, ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში”.


კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც აცხადებს, რომ მოუგო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს,  მიტინგზე გამოსვლისას ისაუბრა  სატელევიზიო ტერორზე, რომელიც მისი გუნდის წინააღმდეგ ხორციელდება.


”გუშინ დაიწყო სატელევიზიო ტერორი სამი არხის [”რუსთავი 2”, ”მზე”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”] მიერ,”- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ”საზოგადოებრივ არხს ჩვენ ხელფასს ვაძლევთ და თვინონ ასეთ ტერორში გვაყენებენ. ეს მიუღებელია. არ შეიძლება არცერთი ჟურნალისტი იყოს თანამონაწილე ტერორისა. ჩვენ ამით საქართველოში მოვიყვანთ დიქტატურას და ეს იქნება ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც არის დღეს დიქტატურაში თანამონაწილე. ეს მინდა ვთქვა მთელი მსოფლიოს გასაგონად იმიტომ, რომ შეუძლებელია იმყოფებოდე წრეში ტერორისა, მაგრამ მიუხედავად დიდი გაყალბებების შემართებისა, მიუხედავად სატელევიზიო თუ პოლიციური ტერორისა, ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ვართ ძალიან მაგრები”.

Exit mobile version