”ჩვენ არ ვაღიარებთ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად” – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დღეს პირველი განცხადება გააკეთა არჩევნების დასრულების შემდეგ: ”ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ შედეგებს და არ ვაღიარებთ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად”.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით 433 უბნიდან, არჩევნებში სააკაშვილი ლიდერობს, ნათელაშვილს კი მეოთხე შედეგი აქვს.


ნათელაშვილმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო დამკვირვებლებს კომპლექსურად გაანალიზონ ბოლო ორი თვის განმავლობაში შექმნილი ვითარება და ობიექტურად დააფიქსირონ ის ”ძალადობა, ტერორი და მოსყიდვა”, რასაც  ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა საარჩევნო პერიოდში.


”ნებისმიერი საერთაშორისო დასკვნა, რომელიც გამოაცხადებს ამ არჩევნებს დემოკრატიულად და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში, იქნება თანამონაწილეობა სააკაშვილის დანაშაულებრივ ხროვასთან,”- განაცხადა ნათელაშვილმა ”ვფიქრობ, ასეთი სტატუსი არცერთ ჩვენ უცხოელ მეგობარს არ სჭირდება”.  


საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნები დემოკრატიულად, თუმცა ხარვეზებით ჩატარდა.

Exit mobile version