პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 5 იანვრის არჩევნები იყო ”ყველაზე თავისუფალი” ქვეყნის ისტორიაში და ეს გამოცდა საქართველომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩააბარა. მან ასევე თანამშრომლობის ხელი გაუწოდა ოპონენტებს ”საერთო ეროვნული მიზნების აღსასრულებლად”.
სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიის დარბაზში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას გააკეთა ეს განცხადება:
”მე ვაპირებ ვიმუშავო ყველასთან, მე ვაპირებ ყველასთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს გაერთიანებისთვის – საქართველოს ყველა პატრიოტულ ძალასთან – იმ ხალხთანაც ვინც გვეთანხმება და არ გვეთანხმება, ვინც მოგვცა ხმა და ვინც არ მოგვცეს ხმა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი მიზნები, ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ამოცანები და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ.
მე მინდა გავუწოდო ყველას ხელი მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, საერთო ეროვნული გაერთიანების და საერთო ეროვნული ფრონტის მიზნების აღსასრულებლად. ეს არის ჩვენი ძალიან მტკიცე განაცხადი ყველას მიმართ
დღეს ჩვენ გვქონდა საუბრები ძალიან ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელთან და საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და ნამდვილად პატიოსანი არჩევნების ჩატარება.
ეს იყო ყველაზე თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები საქართველოს ისტორიაში. და ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს გამოცდა დემოკრატიის, გამოცდა თავისუფალი არჩევნების ჩატარების ყველა მსოფლიო სტანდარტის შესაბამისად დღეს ჩააბარა მართლაც ხუთიანზე. ყველას გამარჯვებაა ეს ნამდვილად.
ჩვენი ამოცანაა საქართველოს გაერთიანება და საქართველო სიღარიბის გარეშე და ჩვენ ყველა ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველო გავათავისუფლოთ სიღარიბისგან, ჩვენ ყველა ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ადამიანს ჰქონდეს შანსი თავის თავი გამოხატოს ბოლომდე, თავისი ამოცანები, თავისი მიზნები განახორციელოს ბოლომდე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენი ბრძოლა სიღარიბესთან მხოლოდ ახლა იწყება. მე ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმუშაო, ძალიან დიდი მუშაობა გვაქვს წინ ყველას ერთად, ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს, ძალიან ძნელი იქნება ამ ამოცანების გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენ არანაკლებ ძნელი ამოცანები გადაგვიწყვეტია აქამდე.
როგორც აქამდე ვიბრძოლეთ, როგორც აქამდე ვიყავით ხელჩაკიდებული, როგორც აქამდე ვიყავით ენერგიული, როგორც აქამდე, ამ შუაღამემდე ყველანი ერთად ხართ აქ. ადამიანები, ვისაც გვაერთიანებს ერთი რამ – საქართველოს სიყვარული და იმ დიდი ამოცანების დაძლევის სურვილი, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშე დგას.
მე მინდა გამოვთქვა დიდი რწმენა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი მომავალი და დღეს იყო ასევე საქართველოს დიდი გამარჯვება”.
ეგზით პოლების საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელიც ოთხმა ქართულმა ტელეკომპანიამ დაუკვეთა, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში ხმების 53.8%-ით ლიდერობს; მას მოყვება ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმების 28.3%-ით.