თელავის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააკავეს მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
”რეაგირება იყო ძალიან მყისიერი და ეს ადამიანი უკვე დაკავებულია,”- განაცხადა მან, ”ის, რომ რაიმე სახის გაყალბება ან რაიმე სახის დარღვევა არ იყოს რეალიზებული ან დაშვებული არის ძალიან მყარი და თელავის ინციდენტმა ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა”.
იმავდროულად, ცესკო აცხადებს, რომ ამ ინციდენტის გამო დიდი ალბათობა არსებობს გაუქმდეს თელავის ამ უბნის შედეგები.
ტყეშელაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი კანდიდატის სასარგებლოდ აყალბებდა არჩევნებს დაკავებული მოქალაქე.
პრესკონფერენციაზე საუბრისას, მან ასევე ვერ დააკონკრეტა საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების დროს დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა.
იმავდროულად, სააკაშვილის შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, დიღმის ერთ-ერთ უბანთან ოპოზიციური კოალიციის მომხრეებთან მათი მხარდამჭერების შეხლა-შემოხლის თაობაზე. ამავე ცნობით, ინციდენტის მონაწილეები დაკავებულები არიან.