ტყეშელაშვილი ოპოზიციის პრეტენზიებზე კომენტარს აკეთებს

სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უპასუხა, მათ შორის წალკისა და ცხინვალის რეგიონის ინციდენტებთან დაკავშირებით.


ტყეშელაშვილის განცხადებით, წალკის ერთ-ერთი უბნის გარეთ ოპოზიციური კოალიციის შტაბის ხელმძღვანელმა ”პირდაპირი შეურაცხყოფა” მიაყენა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რაზეც გამოძიება დაწყებულია.


”ჩვენს  ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ასეთ ქმედებას არასოდეს არ ექნება შემწყნარებლური პოზიცია და ქართველის ხალხი ამას არასოდეს ტოლერანტულად არ მოეკიდება და არ მოითმენს,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.


ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ წალკის სამი უბანი მათი კომისიის წევრებს იძულებით დაატოვებინეს.


ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებმა პრეტენზიები გამოთქვეს, რომ მათი დამკვირვებლები არ დაუშვეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფლების ავნევის, ნულის და დვანის საარჩევნო უბნებამდე. იმავდროულად, ცესკომ განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ უბნების კომისიის წევრებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.


”მათ [კომისიის წევრებმა] აირჩიეს რატომღაც ის გზა, რომელიც ოსური დე ფაქტო ხელისუფლების ბლოკპოსტით იყო გადაკეტილი,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა, ”მათ შეთავაზება ჰქონდათ ხელისუფლების მხრიდან, რომ ესარგებლათ შემოვლითი გზით, მაგრამ რატომღაც მათ უარი განაცხადეს”.



 

Exit mobile version