პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალმა მემარჯვენეებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე დაახლოებით 150 ათასი ლარი დახარჯეს.
”შიშის გამო ვერც ერთმა ბიზნესმენმა ვერ გაბედა სააკაშვილის კონკურენტი დაეფინანსებინა თუნდაც სიმბოლური, მცირე თანხით,” – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ თოქშოუში ”არგუმენტი” 4 იანვარს. კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ თანხები ძირითადად პარტიის წევრებმა, მათ შორის პირადად მან, მოიზიდეს.
კანდიდატებმა არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი თვის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) უნდა წარუდგინონ დეტალური ინფორმაცია საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების შესახებ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ”აბსოლუტურად შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ სააკაშვილი 50%-ზე მეტ ხმას მოიპოვებს პირველ ტურში,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის გავა მეორე ტურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს სააკაშვილის წინააღმდეგ. ”თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი განცხადება სხვა ოპოზიციური კანდიდატებისგან არ გამიგია,” – დასძინა მან.