ოპოზიციური კოალიცია დიპლომატებს მოუწოდებს შეეწინააღმდეგონ ეგზით პოლებს

ცხრა ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარმა კოალიციამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს დღეს გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა მიიღონ ზომები არჩევნების დღეს ხელისუფლების მიერ ”შეკვეთილი” ეგზით პოლების გამოქვეყნების წინააღმდეგ.


”ჩვენ გვაქვს თხოვნა დიპლომატიურ კორპუსთან ხელი შეუშალონ, შეეწინააღმდეგონ ქვეყანაში ხელოვნურად დაძაბულობის განვითარებას,”- განუცხადა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს 4 იანვარს, ”დაძაბულობა განვითარდება 4 ტელევიზიიდან, როდესაც ისინი [5 იანვარს საღამოს] 8 საათზე დადებენ შეკვეთილ, სახელისუფლებო ეგზით პოლებს”.


არჩევნების დღეს ეგზით პოლებს ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ოთხი ქართული ორგანიზაცია განახორციელებს: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი.


იმავდროულად, ეგზით პოლს გეგმავს უკრაინაში დაფუძნებული ორგანიზაცია ”საერთო ევროპული საქმისთვის”, რომელზეც დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, რადგანაც მისი წარმომადგენლები უარს აცხადებენ ადგილობრივი პარტნიორების ან დამკვეთების დასახელებაზე.

Exit mobile version