სააკაშვილის საარჩევნო შტაბი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს წამყვანი ადგილი უკავია ოპონენტებს შორის და შეუძლია ხმების უმეტესობა მოიპოვოს არჩევნების პირველივე ტურში, ნათქვამია Greenberg Quinlan Rosner (GQR) კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ სააკაშვილის შტაბის დაკვეთით განახორციელა. კვლევის შედეგები არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა.


კვლევა ეყრდნობა პირისპირ ინტერვიუებს საქართველოს მასშტაბით 1200 ამომრჩეველთან და 5-13 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები მარკეტინგული კვლევის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ACT-მა GQR-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით განახორციელა.


გამოკითხულთა 42% სააკაშვილს უჭერს მხარს. მას მოყვება ლევან გაჩეჩილაძე ხმების 19%-ით; ბადრი პატარკაციშვილი – 11%; შალვა ნათელაშვილი – 5%; დავით გამყრელიძე – 4% და გია მაისაშვილი – 1%; 2% ხმის მიცემას ან საერთოდ არ აპირებს ან არავის სასარგებლოდ, ხოლო 16%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ნათქვამია GQR-ის კვლევაში.


რესპონდენტთა იმ 71%-ს შორის, რომლებიც 5 იანვრის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, სააკაშვილს 46% ემხრობა, გაჩეჩილაძეს – 16% და პატარკაციშვილს – 11%; ამ კატეგორიას შორის 17%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.


კვლევის საფუძველზე, თუ როგორ შეიძლება გაიყოს იმ 17%-ის ხმები, რომელთაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, GQR-მა დაასკვნა, რომ სააკაშვილი პირველ ტურში ხმების 52%-ს მიიღებს, გაჩეჩილაძე – 21%-ს, ხოლო პატარკაციშვილი – 14%-ს.   


GQR-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯერემი როსნერმა 3 იანვარს  ჟურნალისტთა ჯგუფს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ეს მაჩვენებელი  –  52% არის GQR-ის მიერ გამოყენებული ”ძალიან კონსერვატიული” მეთოდოლოგიის შედეგი.


მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევა ჩატარდა პატარკაციშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ ფარულ ვიდეო და აუდიო მასალებს გამოაქვეყნებდა.   


”ჩვენი პროგნოზი, რომ სააკაშვილი ხმების 52%-ს მიიღებს არის კონსერვატიული, ამავე დროს ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას მსოფლიოს მასშტაბით,” – განაცხადა მან, ”13 დეკემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო გაზრდიდა ამ მაჩვენებელს”. ჯერემი როსნერმა ასევე განაცხადა, რომ შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა გაჩნდეს ”განსაკუთრებული მოულოდნელობის გრძნობა არც საქართველოში და არც საერთაშორისო საზოგადოებაში”.


კვლევის თანახმად, მეორე ტურის ჩატარებაც რომ გახდეს საჭირო, სააკაშვილი მაინც მოიგებს არჩევნებს ხმების 54%-ით გაჩეჩილაძის 33%-ის წინააღმდეგ, და 54%-ით პატარკაციშვილის ხმების 32%-ის წინააღმდეგ. 


    

Exit mobile version