პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ოპოზიციურ კოალიციას უარი თქვას 5 იანვარს საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების მობილიზებაზე, რადგან ეს შეიცავს ”არეულობის, დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მაღალ რისკს”.
ეს განცხადება სააკაშვილის შტაბის სპიკერმა, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის პოზიციის საპასუხოდ გააკეთა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხალხის პარტიიდან, კობა დავითაშვილმა 29 დეკემბერს მოუწოდა მხარდამჭერებს არჩევნების დღეს შეგროვდნენ საარჩევნო უბნებთან საარჩევნო ყუთების დაცვის მიზნით.
”ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ, ”საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიის 6 წარმომადგენელი, გარდა ამისა იქნებიან ყველა პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები და დამკვირვებლები, იქნებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები, საერთაშორისო დამკვირვებლები და ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები – ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით ადამიანთა მობილიზაცია საარჩევნო უბნების გარეთ რეალურად არჩევნების გამჭირვალობას ვერანაირად ვერ დაეხმარება”.
ბაქრაძემ ასევე მოუწოდა ოპონენტებს თანამშრომლობისკენ ”ერთიანი თამაშის წესების” შემუშავების მიზნით, რათა ”5 იანვრის არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდად და მოწესრიგებულად”.
”ჩვენი ყველას საერთო მიზანი უნდა იყოს ამ არჩევნების კარგად ჩატარება,”- აღნიშნა მან.