შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააფრთხილა პოლიციელები არ ჩაერიონ საარჩევნო პროცესში.
”არ ჩაერიოთ საარჩევნო პროცესში, გარდა, რა თქმა უნდა იმისა, რომ დაიცვათ უსაფრთხოება,” – განაცხადა მან 30 დეკემბერს, ”ის პოლიციელები, რომლებიც ჩაერევიან საარჩევნო პროცესში, მიუხედავად იმისა, თუ ვის ემხრობიან, დაისჯებიან. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ჩვენ გვინდა, რომ ეს და სხვა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა თავიანთი თანამდებობა გამოიყენონ რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ”.
”ამავე დროს, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენი პოლიცია არავის მისცემს უფლებას – არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ორგანიზებული ან კარგად დაფინანსებული იქნება – არეულობა მოაწყოს,”- განაცხადა მერაბიშვილმა.