ეუთოს დამკვირვებლები: მედიაში კამპანიის გაშუქებისას ბალანსის ნაკლებობაა

იმ ტელეკომპანიების უმეტესობაში, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, ყველაზე რეიტინგულ დროს შეინიშნება პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქებისას დაბალანსების ნაკლებობა, აცხადებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (OSCE/ODIHR) თავის მეორე შუალედურ მოხსენებაში მედიის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით.


ეუთოს მოხსენების თანახმად, 7-20 დეკემბრის პერიოდში საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი პოლიტიკური და საარჩევნო სიუჟეტების 41% მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. ამ სიუჟეტების 99% პოზიტიური ან ნეიტრალური იყო. მას მოყვება დავით გამყრელიძე 17%-ით, შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე – 16%-ით და შალვა ნათელაშვილი – 13%-ით. მოხსენების თანახმად, ამ კანდიდატებზე სიუჟეტების ტონალობაც პოზიტიური ან ნეიტრალური იყო.


ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ”, საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, თავისი საეთერო დროის უმეტესობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმეს.


ტელეკომპანია ”იმედმა” ყველაზე რეიტინგულ დროს თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული სიუჟეტების უმეტესობა – 34% მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. თუმცა, ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა დანარჩენ სამ არხზე მიიღო, ნათქვამია მოხსენებაში.     


”[ტელეკომპანია ”იმედში”] სააკაშვილზე გასული სიუჟეტების 45% პოზიტიური, ხოლო მათი 15% ნეგატიური იყო,” – ნათქვამია მოხსენებაში.


სააკაშვილის შემდეგ, ტელეკომპანია ”იმედმა” თავისი საეთერო დროის უმეტესობა ლევან გაჩეჩილაძეს (18%) და ბადრი პატარკაციშვილს (17%) დაუთმო. ”მათი გაშუქების ტონალობა ძირითადად ნეიტრალური ან პოზიტიური იყო,” – ნათქვამია მოხსენებაში. 


თბილისის მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანია ”კავკასიის” შემთხვევაში ”განსხვავებული სურათი” წარმოდგა. ”კავკასიამ” საეთერო დროის უმეტესობა ოპოზიციურ კანდიდატებს – შალვა ნათელაშვილს, დავით გამყრელიძეს და ლევან გაჩეჩილაძეს დაუთმო, ასევე მიხეილ სააკაშვილის ძირითადად ნეიტრალურ ან კრიტიკულ გაშუქებას.   

Exit mobile version