ეუთო საარჩევნო კამპანიაზე მეორე შუალედურ მოხსენებას აქვეყნებს

საარჩევნო კამპანიის ატმოსფერო გაამწვავა იმ განცხადებებმა, რომლებიც ეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო სახსრებს გამოყენებას, კანდიდატებისთვის არათანაბარ პირობებს, დაშინებას და ამომრჩეველთა მოსყიდვას, განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR) თავის მეორე შუალედურ მოხსენებაში.
.


”OSCE/ODIHR-მა პირველ წყაროდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ზოგიერთი ეს პრეტენზია საფუძვლიანია,” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 14-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.


ამის მაგალითად მოხსენებაში მოყვანილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და მედიკამენტების ვაუჩერების დარიგება პენსიონერებისთვის და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ ვაუჩერების დარიგება არჩევნების დანიშვნამდე იგეგმებოდა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”არსებობს იმის ნიშნები ვივარაუდოთ, რომ ვაუჩერების დარიგება კამპანიის მიზნებს ემსახურებოდა, რამაც მოშალა ზღვარი სახელმწიფო აქტივობებსა და კანდიდატის საარჩევნო კამპანიას შორის”.


ჯანდაცვის ვაუჩერებს პენსიონერებისთვის და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დასაქმების პროგრამის ბუკლეტებს ნომერი 5 აწერია – ეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომერია.


მოხსენებაში ასევე საუბარია ოპოზიციური კანდიდატების, ძირითადად ოპოზიციური კოალიციის და მისი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მიერ გახმოვანებულ პრეტენზიებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ საარჩევნო შტაბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგანაც შენობების მეპატრონეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მათ ფართები არ გაექირავებინათ.


”საერთო სახალხო მოძრაობის ქარელის ოფისის მეპატრონემ განუცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, რომ მას და მის ოჯახს დაპატიმრებით დაემუქრნენ, თუ ის კვლავაც მიაქირავებდა ოპოზიციურ კოალიციას ფართს,” – ნათქვამია განცხადებაში.


 

Exit mobile version