ოპოზიციური კოალიცია ბოლო მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დაგმო უკანონო მეთოდები, რომელსაც მისი თქმით, ხელისუფლება და ”სხვა ძალა” იყენებს. ამ უკანასკნელში ის ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა.


ცხრა ოპოზიციური პარტიის სახელით საუბრისას უსუფაშვილმა 26 დეკემბერს განაცხადა: ”ბოლო დროს გავითარებულ მოვლენებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც ერთი მხრივ, ხელისუფლების მცდელობას არათავისუფალი, გაყალბებული არჩევნებით შეინარჩუნოს ხელისუფლება და ეს ყველაფერი გადააბრალოს სხვა ძალას, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთივე გზებით გეგმავდა ხელისუფლების შეცვლას”.  


”ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს არც ერთთან და არც მეორესთან,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ ვასრულებთ ხალხის დაკვეთას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. ჩვენ ვემზადებით ამისთვის და 5 იანვარს მოვუწოდებთ ყველას გამოვიდეს, გამოთქვას თავისი შეხედულება საარჩევნო ყუთებთან და ამ გზით შევცალოთ ხელისუფლება”.


ოპოზიციური კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს. რამდენიმე დღის წინ ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ბიზნესმენმა მოხსნას კანდიდატურა. გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის არჩევის შემთხვევაში დაცარიელებული ხაზინის შესავსებად პატარკაციშვილის ფინანსურ დახმარებას მიესალმება.

Exit mobile version