ახალი ამბებიწერილები

შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და ერთპიროვნული ლიდერი შალვა ნათელაშვილი დიდი ხნის ოპოზიციონერია.


მაშინ როცა ზოგიერთები ცდილობენ წარმოაჩინონ ნათელაშვილი, როგორც ”არასერიოზული” პოლიტიკური ძალის ლიდერი, ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ყოველთვის თანამშრომლობენ მასთან.  ანალიტიკოსების თქმით, ამის მიზეზი ამომრჩეველთა მხრიდან ნათელაშვილის სტაბილური მხარდაჭერაა, რაც შესაძლოა საკმარისი იყოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის.


დუშეთში დაბადებულმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც თებერვალში 50 წლის გახდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ასპირანტურა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში გაიარა.


გენერალურ პროკურატურაში მუშაობის შემდეგ ის 1992 წელს დეპუტატი გახდა და 1999 წლამდე პარლამენტარი იყო. იგი იმ დეპუტატთა ჯგუფში შედიოდა, რომელთაც საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა. 1995 წელს ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც თანდათან ედუარდ შევარდნაძის მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა. ნათელაშვილი აცხადებდა, რომ ედუარდ შევარდნაძემ და ”მისმა პროტეჟეებმა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ” 1999 წლის არჩევნების გაყალბების შედეგად მისი პარტია პარლამენტს მიღმა დატოვეს.


ლეიბორისტული პარტიის უდიდესი წარმატება დღემდე არის 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება, როდესაც ნათელაშვილის პარტიამ თბილისის საკრებულოში ადგილების უმეტესობა მოიპოვა. თუმცა, ნათელაშვილმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ იგი არ იყრის კენჭს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე და ოპოზიციური პარტიის ”ნაციონალური მოძრაობის” (რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა არჩევნებში) ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა შესთავაზა. მისმა ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ვარაუდები, რომ ნათელაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობის აღებას.


ლეიბორისტული პარტიის კიდევ ერთი წარმატება იყო 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში 12,5%-ს მოპოვება, მაგრამ რადგანაც არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდა და შედეგები გაუქმდა, პარტიამ ვერ შეძლო პარლამენტში მანდატების მოპოვება. ამჟამად პარტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში – დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ დოლიშვილი.


2003 წლის არჩევნების შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ დაგმო ”ვარდების რევოლუცია” – ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი დარტყმა გახდა პარტიისთვის იმ ფონზე, როცა მოსახლეობის უმეტესობა რევოლუციას მხარდაჭერას უცხადებდა. შედეგად, ათობით აქტივისტმა პარტია დატოვა. მათ ნათელაშვილის ანტირევოლუციური პოზიცია გააპროტესტეს და პარტიამ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა 2004 წლის პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, მომდევნო წლებში შალვა ნათელაშვილმა, სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად შეძლო გარკვეული მხარდაჭერის ხელახლა მოპოვება.


2007 წლის სექტემბრის ბოლოს ნათელაშვილის პარტია ცხრა პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდა, რის შედეგადაც ათი პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია ჩამოყალიბდა.


7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათელაშვილს ჯაშუშობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი.


თუმცა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე მიხეილ სააკაშვილმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ნათელაშვილს არ დაიჭერდნენ და მას შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც მანამდე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდა ნათელაშვილის წინააღმდეგ, შეარბილა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ გამოძიება ნათელაშვილს მოწმის სტატუსით დაკითხავდა. ამდენად, მას ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნა. ამის შემდეგ ნათელაშვილი ღიად გამოჩნდა საზოგადოებაში და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, რამაც გარკვეული გაუგებრობა შექმნა მის ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან, რომელთაც პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელეს. 


მოგვიანებით ამ გაუგებრობის კომენტირებისას ნათელაშვილმა განაცხადა: ”მე ვერავის ვერ ვენდობი გარდა საკუთარი თავისა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას”.


ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია ეფუძნება მისი პარტიის ძლიერ მემარცხენე პოზიციებს უფასო ჯანდაცვის და განათლების დაპირების ჩათვლით. ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის პრინციპს. თუმცა, ამავე დროს აცხადებს, რომ პარტია პრივატიზაციის წინააღმდეგ არ გამოდის.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნათელაშვილი ამომრჩეველს უფასო გაზს და ელექტროენერგიას ჰპირდება. მისი თქმით, გაზისა და ელექტროენერგიის საფასურს მომდევნო სამი წლის მანძილზე მსხვილი ბიზნესმენები გადაიხდიან საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ. იგი ასევე დაპირდა ამომრჩევლებს საბჭოთა პერიოდში დაკარგული ანაბრების დაბრუნებას. ნათელაშვილის თქმით, ის კონსტიტუციურ მონარქიას უჭერს მხარს. 


 


 


 

მსგავსი/Related

Back to top button