ბურჯანაძე აკრძალული მეთოდებით მოქმედებას არავის ურჩევს

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მოუწოდებს პოლიტიკურ სპექტრს და მოსახლეობას არ გახდნენ ”სპექტაკლის” მონაწილეები, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.


ბურჯანაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში.


გთავაზობთ მოქმედი პრეზიდენტის მოსახლეობისადმი მიმართვის სრულ ტექტს:


”მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე საგანგებოდ მივმართავ მთელ საქართველოს, საქართველოს მთელ მოსახლეობას, საზოგადოებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.


ჩვენ ხელთ არსებული მასალა გვაძლევს სერიოზულ საფუძველს განვაცხადოთ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს საფრთხე არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს.


მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს რომ ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, ქართველს ხალხს, საქართველოს მოსახლეობას მოპაროს თავისუფალი არჩევანის უფლება.


საქართველოში ამიერიდან ვერავინ ვერასოდეს ვეღარ გაბედავს საზოგადოების, ხალხის ფონად გამოყენებას, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლების  – თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევას.


ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის აძლევს ნდობის მანდატს, ვის ირჩევს თავისი ქვეყნის ხელმძღვანელად. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს მოსყიდვით, სპეკულირებით, სხვის გასაჭირზე ხელის მოთბობით საკუთარი მიზნების მიღწევა  ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.


ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ამას განახორციელებს ან ნებისმიერი ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მსგავს ქმედებებს განახორციელებს შესაბამისად, კანონის ადეკვატური ზომებით იქნება დასჯილი.


არაერთხელ განმიცხადებია, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც 5 იანვრის არჩევნების ჩაშლისათვის ემზადებიან. ემზადებიან იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს არა წინ, არამედ ქვეყანა დაბრუნდეს უკან, 1991-92 წლების მოვლენებში.


ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად მიზანმიმართულად  იმისათვის, რომ საზოგადოებაში გამყარებულიყო ერთმნიშვნელოვანი განცდა, რომ არჩევნები უცილობლად გაყალბდებოდა. 


მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად. საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ნება იყოს გამოხატული.


მე დღეს დილით საგანგებოდ შევხვდი  ოპოზიციის წარმომადგენლებს და დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში ჩავაყენე. მე მიმაჩნია ძალზედ მნიშვნელოვნად, რომ საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსიროს დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება.


მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ისეთი მოვლენების განვითარება, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაჭირვებული ხალხის, გულნატკენის ხალხის გამოყენება მოხდება მხოლოდ ცალკეული მოვლენების და სპექტაკლების ფონად. 


ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა არ აირიოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის შესაძლო სცენარები, რომელიც არ გამორიცხავდა და არ გამორიცხავს ჯერ კიდევ სისხლისღვრასაც კი არ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში. 


 არავის ვურჩევ აკრძალული მეთოდებით მოქმედებას.


ყველას, ვინც ეცდება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ადეკვატური და კანონით გათვალისწინებული პასუხი მიეგება.


ასევე მინდა განვაცხადო, რომ ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გახმოვანდა, წარიმართება ობიექტური და ძალიან მაღალკვალიფიციური გამოძიება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოძიების შედეგები მართლაც საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისათვის იყოს აბსოლუტურად სანდო.


მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ამ მოვლენების განვითარების დინამიკასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მე მადლობას ვუხდი საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღებისა და თანამშრომლობისათვის, რომელსაც ისინი ამ რთულ ვითარებაში ჩვენ გამოგვიხატავენ.


ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვუზრუნველყობთ გამოძიების პროცედურების არა მარტო დაწყებას, არამედ ბოლომდე მიყვანას და ამ საქმის ბოლომდე ობიექტურად გამოძიებას.


მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საფრთხე არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით ან არჩევნების შემდეგ დღეებში დესტაბილიზაციის გამოწვევასთან დაკავშირებით ბოლომდე თავიდან აცილებული არ არის, პანიკის საფუძველი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს, თუმცა სიფრთხილე ნამდვილად საჭიროა.


ყველა სახელმწიფო სტრუქტურა წინასაარჩევნო პერიოდში –  დღესაც, ხვალაც და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში  –  მოქმედებდა და იმოქმედებს გამართულად, ადეკვატურ რეჟიმში, ისე, როგორც ეს ნორმალურ და უკვე ჩამოყალიბებულ ქვეყანას ეკადრება.


მინდა ყველას ვთხოვო, რომ უმნიშვნელოვანესია თითოეულმა ჩვენგანმა, არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ პოლიტიკურმა ძალებმა და თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგან ეკისრება ჩვენი ქვეყნის არა მარტო დღევანდელი, არამედ ხვალინდელი დღიდან გამომდინარე.


თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა გაიცნობიეროს რა საფრთხის, რა ძალის წინაშე უწევს დღეს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებრიობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევანის გაკეთება. 


სახელმწიფოს და ხელისუფლებას აქვს თავისი სერიოზული და დიდ წილი პასუხისმგებლობა. ჩვენ არათუ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, არამედ სრული მოცულობით გავაკეთებთ იმას, რაც სახელმწიფოს, ხელისუფლებას ეკუთვნის რომ გააკეთოს ქვეყანაში სტაბილურობის და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად.


იმავდროულად არსებობს პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკური ძალის და არსებობს პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის. თქვენს მიიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეუწყოთ ხელი ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, არავის არ მისცეთ შესაძლებლობა, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი პრობლემები, ის სირთულეები, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ახლავს, ვინმემ საკუთარი მიზნებისათვის ან ამბიციებისათვის გამოიყენოს.


მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით  ვამბობ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ეს ასე იქნება და ამის გარანტია არის ქართული სახელმწიფო, ამის გარანტია არის საქართველოს მოსახლეობის ნება, უპირველეს ყოვლისა, ამის გარანტია არის ის უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არის საქართველოში და ჩვენი მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობიდან.


საქართველოს სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ნებისმიერი საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციისა, ნებისმიერი მცდელობა იყოს მაქსიმალურად თავიდან აცილებული და ყველა მოქმედება ჩატარებული იქნება კანონის, კონსტიტუციის, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოების სრული დაცვით”. 


 

Exit mobile version