ეუთოს შუალედური მოხსენება საარჩევნო კამპანიაზე

საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო ზოგადად ხელსაყრელია დემოკრატიული არჩევნები ჩასატარებლად, თუ ისინი სამართლიანად ჩატარდება, ნათქვამია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ მოხსენებაში.


მოხსენებაში, რომელიც 6-13 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანია განხორციელდა ”საკმაოდ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში”.


”ოპოზიციურმა კანდიდატებმა ღრმა უნდობლობა გამოუცხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას და განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ საშუალება თანაბარი კონკურენცია გაუწიონ ყოფილ პრეზიდენტს. მათ ასევე განაცხადეს ამომრჩევლებზე, კერძოდ სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოპოზიციას არ სურს პატივი სცეს არჩევნების შედეგებს”.


ხელისუფლების მიერ 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” დახურვასთან დაკავშირებით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყაროს მაუწყებლობა დროებით შეწყდა წინასაარჩევნო პერიოდში”. ”იმედმა” მაუწყებლობა 12 დეკემბერს განაახლა.


სადამკვირვებლო მისია ხუთი ტელეკომპანიის და ექვსი ყოველდღიური და ყოველკვირეული გაზეთის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონიტორინგსაც ახორციელებს. შედეგები მომდევნო მოხსენებებში გამოქვეყნდება.

Exit mobile version