მთავრობა 2008 წლიდან ”იაფი კრედიტის” პროგრამის განხორციელებას იწყებს, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 300 მლნ ლარია გათვალისწინებული, განაცხადა 19 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა.
”იაფი კრედიტის” პროგრამა, რომელიც 6 კომპონენტს მოიცავს, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა თავის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაახმოვანა.
პროგრამის პირველი კომპონენტის თანახმად, ახლად დარეგისტრირებულ კომპანიებს 2000 ლარის ოდენობით გადასახადების 10 წლით გადავადება შეეძლებათ, თუმცა ამ პერიოდის შემდეგ მოუწევთ მათი გადახდა.
”ეს სინამდვილეში ბიუჯეტს დაუჯდება შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 120 მლნ ლარი, რადგან ყოველთვიურად საქართველოში რეგისტრირდება დაახლოებით 5 ათასი კომპანია,”- განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გილაურმა.
მისი თქმით, პროგრამის მეორე კომპონენტი გულისხმობს იმ საბიუჯეტო სესხების გადახდის ხუთწლიან განვადებას და რეფინანსირებას, რომლებიც კომპანიებს აქამდე 1 ან 2 წლით ჰქონდათ აღებული და უნდა დაებრუნებინათ.
პროგრამის მესამე კომპონენტი ითვალისწინებს ექსპორტის წახალისებას, რაზეც 25 მლნ ლარია გათვალისწინებული.
”ყველა ის კომპანია, რომელიც ექსპორტის განახორციელებს და ნებისმიერი ბანკიდან სესხს აიღებს, მათი თანადაფინანსება მოხდება შედარებით იაფი კრედიტით ბიუჯეტიდან”, – განმარტა ნიკა გილაურმა.
მეოთხე კომპონენტის თანახმად, 5-დან 100 ათას ლარამდე ოდენობით 25-წლიან კრედიტს მიიღებს ის კომპანია, რომლის ბიზნეს-გეგმაც კონკურსში გაიმარჯვებს. ამ კატეგორიის სესხის საპროცენტო განაკვეთი 4% იქნება.
მეხუთე და მეექვსე კომპონენტები ითვალისწინებს შესაბამისად იაფი კრედიტების გაცემას რეგიონული განვითარების მიზნებზე და სასოფლო-სამურნეო ტექნიკის შესაძენად 15-წლიან განვადებას.