ოპოზიცია ენდობა საერთაშორისო დამკვირვებლებს – ბერძენიშვილი

ოპოზიცია ენდობა საერთაშორისო დამკვირვებლებს და აღიარებს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, თუ მათ პატიოსნებას დამკვირვებლები დაადასტურებენ, განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან 18 დეკემბერს.  


რესპუბლიკური პარტია ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის წევრია. კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.


”მე მართლაც გავაკეთე განცხადება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნდობა საქართველოში არსებობს, ოპოზიციაშიც ეს ნდობა არის,” – განაცხადა ბერძენიშვილმა, ”ჩვენ ვემზადებით არა 6, 7 ან 10 იანვრისთვის, არამედ 5 იანვრისთვის. თუ ეს იქნება პატიოსანი არჩევნები დადასტურებული ქართველი ხალხის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ – მოგეხსენებათ ჩვენი დამკვირვებლებიც მონაწილეობენ – ამ შედეგებს ვაღიარებთ და მოვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის”.


ეს განცხადება ბერძენიშვილმა მმართველი პარტიის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლის განცხადებითაც ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდება და თავად არჩევნებზე კონცენტრირების ნაცვლად, არჩევნების შემდგომი პროტესტისთვის უფრო ემზადება.


ბერძენიშვილმა ეს განცხადება პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ დეპუტატი გიგა ბოკერია მმართველი პარტიიდან და ევროპის საბჭოს მომხსენებელი მათიას იორში.


ბოკერია მიესალმა ბერძენიშვილის განცხადებას ოპოზიციის მზადყოფნის თაობაზე აღიაროს სამართლიანი არჩევნების შედეგები და მას ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.


”ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ჩვენი ოპოზიცია, მათ შორის მისი რადიკალური ნაწილიც კი დაეთანხმება არჩევნების შედეგებს, თუ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც იქნება შესაბამისი – მცირე შესწორებას შევიტანდი – საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. ჩვენთვის ყველასთვის და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ოპოზიციისთვის მთავარია ქართველი ხალხი რას დაეთანხმება,” – განაცხადა ბოკერიამ, ”მაგრამ ის, რომ ჩვენი თუნდაც რადიკალური ოპოზიცია დღეს უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება მათთვის იქნება მნიშვნელოვანი – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მივესალმებით ამას”.


იმავე პრესკონფერენციაზე ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მასსა და იორშს შორის არსებული გაუგებრობა მოგვარდა.

გაუგებრობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბერძენიშვილმა 7 დეკემბერს ევროპის საბჭოს მომხსენებელი მოიხსენია როგორც ”უნგრელი ებრაელი”. ეს განცხადება მაშინვე აიტაცა ქართული მედიის ზოგიერთმა საშუალებამ და მმართველმა პარტიამ და ბერძენიშვილი ანტისემიტურ განცხადებებში დაადანაშაულა. თუმცა, ბერძენიშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება. პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მოაგვარა ეს საკითხი იორშთან და რომ ამ კუთხით მათ საკამათო არაფერი აქვთ. შემდეგ მან იორშს, რომელიც გვერდით ეჯდა, ხელი ჩამოართვა.

Exit mobile version