პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე პირობას დებს, რომ ”შეუძლებელს” შეძლებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების გამო ამომრჩეველმა მოტყუებულად არ იგრძნოს თავი, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგები დამარცხებულმა კანდიდატებმა უნდა აღიარონ.
”გპირდებით, პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც ჩემს ხელთ ძალები არსებობს მაქსიმალურად გამოვიყენებ და მართლა ვეცდები შეუძლებელიც კი შევძლო, თუ ამის აუცილებლობა იქნება, იმისათვის, რომ არჩევნების ჩატარდეს ნორმალურად, მშვიდად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და დემოკრატიულად და არცერთ თქვენგანს არ ქონდეს იმის განცდა, რომ ის მოატყუეს და რომ მისი იგნორირება მოახდინეს, მისი ხმა არ გაითვალისწინეს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.
”მაგრამ შემდეგ, როდესაც ეს არჩევნების ნორმალურად და დემოკრატიულად ჩატარდება, მე მინდა ყველას გთხოვოთ,”- მიმართა მან აუდიტორიას, ”დაგვეხმაროთ იმაში, რომ ვინც არ უნდა იყოს დამარცხებული მხარე, მან აღიაროს გამარჯვებული მხარის გამარჯვება”.
ოპოზიციამ უკვე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ არჩევნების გაყალბებას საზოგადოების მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვება. ოპოზიციის ნაწილმა ასევე განაცხადა, რომ ის სამართლიანი არჩევნებში გამაჯვებულს აღიარებს.