საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 500 მლნ დოლარის ზარალი განიცადა 7 ნოემბერს მომხდარი არეულობის გამო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 13 დეკემბერს.
”ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკანასკნელმა მოვლენების გამო ჩვენს ეკონომიკას ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანი მიადგა,”- განაცხადა გურგენიძემ.
მან ეს განცხადება ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუ ”ღია ეთერში” საუბრისას გააკეთა. ამ გადაცემაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის თაობაზე წინადადებით ტელეკომპანიას მმართველმა პარტიამ მიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მთავრობის ახალი სოციალური ინიციატივები დამატებით 300 მლნ ლარი დაუჯდება ქვეყანას.
”საქართველოს სიღარიბის გარეშე” – პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგია და მთავრობაც სულ უფრო აქტიურობს, განსაკუთრებით 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, სააკაშვილის მიერ გახმოვანებული სოციალურ-ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების კუთხით.
გურგენიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრად 22 ნოემბერს დაინიშნა, განაცხადა, რომ მთავრობამ 500 მლნ ლარი მაინც უნდა გამოყოს სოციალური დახმარების პროგრამებზე, თუ არ იქნა პოლიტიკური არასტაბილურობა და ამ პროცესის თანმდევი ეკონომიკური დანაკარგები.