ცესკოში ამომრჩეველთა სიებზე პოზიციები გაიყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო სიები შეიძლება ”ხელოვნურად იყოს გაბერილი” ხელისუფლების მიერ.


ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 372 179 შეადგენს.


ცესკოს წევრებმა პარტია თავისუფლებიდან და კონსერვატორებიდან დავით ბარდაველიძემ და ნინო გოგუაძემ ეჭვქვეშ დააყენეს ამომრჩეველთა ეს რაოდენობა. ორივე ეს პარტია ცხრა პარტიის კოალიციაშია და მხარს უჭერს პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს.


ბარდაველიძემ და გოგუაძემ, რომელთაც 11 დეკემბერს პრესკონფერენცია გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბში გამართეს, განაცხადეს, რომ ამომრჩეველთა ამჟამინდელი რაოდენობა თითქმის მილიონით აღმატება 2004 წლის არჩევნებში დაფიქსირებულ რაოდენობას. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 2, 3 მლნ ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს მონაცემი 3,2 მლნ იყო.


ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს უსაფუძვლო და არასერიოზული უწოდა.


”მათ ან არ იციან რას საუბრობენ ან განზრახ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,”- განუცხადა თარხნიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ისინი ერთმანეთს ადარებენ ორ სხვადასხვა ამომრჩეველთა სიას – 2004 წლის სია მოიცავდა ამომრჩეველს, რომელმაც თავად გაიარა რეგისტრაცია საარჩევნო უბნებზე და ეს არ იყო ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა”.


თარხნიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცესკოს წევრები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.


”ისინი ცესკოს წევრები ანუ საჯარო მოხელეები არიან. მართლაც უცნაურია, როცა ცესკოს წევრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური პარტიის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე,”- განაცხადა თარხნიშვილმა.

Exit mobile version