საქართველოს ხელისუფლება პროტესტს გამოთქვამს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების თბილისთან შეუთანხმებელი როტაციის გამო.
”ქართული მხარისათვის უცნობია რუსეთის არმიის რა რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკა შემოდის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალების საფარქვეშ,”- აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ”რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია კონფლიქტის ზონაში დაუშვებელია”.
სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, დსთ-ს კოლექტიური ძალების ”გეგმიური” როტაცია კონფლიქტის ზონაში 6-10 დეკემბერს ხორციელედება.
”აღნიშნული როტაცია ტარდება დსთ-ს კოლექტიური ძალების უმანდატო ყოფილი სარდლის, საქართველოში არასასურველ პირად გამოცხადებული სერგეი ჩაბანის მიერ, რაც ამ როტაციის უკანონობაზე მეტყველებს,”- აცხადებს ქართული მხარე.
სერგეი ჩაბანი ოფიციალურმა თბილისში განმუხურის ინციდენტის შემდეგ არასასურველ პერსონად გამოაცხადა და მისი საქართველოს ტერიტორიიდან გაძევება მოითხოვა, თუმცა 27 ნოემბერს დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ მას მანდატი გაუგრძელა. თბილისმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს.